შპს თბილსერვის ჯგუფი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურმა გეგმიური ინსპექტირების შედეგად, კახეთის გზატკეცილზე, კერძოდ, ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამრღვევი პირები გამოავლინა. ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისათვის ფიზიკური და იურიდიული პირები „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 32-ე მუხლისა და 47-ე მუხლის მეორე ნაწილების შესაბამისად დაჯარიმდნენ. „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის დავალებით, სამართალდამრღვევმა პირებმა აღნიშნული ტერიტორია დაუყოვნებლივ დაასუფთავეს. „თბილსერვის ჯგუფი“ ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების თვითნებურად დაყრისაგან და მიუთითებს, რომ აღნიშნული ნარჩენი მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად გამოყოფილ, ნებადართულ ტერიტორიებზე განათავსონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ განხორციელდება.